გურამიშვილის და ვაჟას ფერი..


გურამიშვილის და ვაჟას ფერი,
მათი მომდევნო მე ვარ  მესამე.
წმინდა სახმილით ვიტანჯე ბევრი
და შთაგონებით ბევრჯერ ვეწამე.

როგორც რქას სტოვებს მთაში ირემი,
ისე დავტოვე ნაკვესი ნიჭის.
ეგებ ეს არის ღალა მცირედი
და სულის სანთელის ანთება მიჭირს.

მე ყურში მესმის: დანას  ლესავენ,
ნუთუ მომკლავენ, შენი კვნესამე!
გადმომაყარეთ ვაჟას კესანე,
ჭირში და ლხინში მე ვარ მესამე!

ეგებ საფლავში ფესვივით გავთბე,
ნუ დამივიწყებთ თქვენზე მინდობილს.
მე წმინდანივით სიცოცხლე დავთმე,
მალე მოვკვდები, ძმებო, მშვიდობით!

გურამიშვილის და ვაჟას დარი,
სამართლის მთქმელი, მე ვარ მესამე.
მათთან ყანები მქონდა ზიარი
და მძიმე უღლით ბევრჯერ ვეწამე.

რამეთუ ვიყავ მე დაქანცული,
პირს არ მიხსნიდა წინაპრის დანა.
ვერვის ვუჩვენე ფარული წყლული,
ვერ გავიგონე მეგრული ნანა.

მეათე ვარ თუ მე ვარ მესამე,
მთიდან დამყურებს ვაჟას კესანე,
ჩემი მოძმენი ხორბალს თესავენ
და მე ხმებს ვთესავ, თქვენი კვნესამე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი