წამთაშუა


. . . #1
დრო შეიძლება გაგიჩერდეს თვალის გუგებში
და იგრძნო, როგორ შეანელა სვლა დედამიწამ
შენი შიშველი ტერფების ქვეშ.
წამს და წამს შუა...
ვნიშნავთ პაემნებს
და დროს ვატყუებთ -

- მარადისობას ვეჩვევით ასე.

. . . #2

სულში ქარი გაგდის,
ფხვიერ სხეულს გიქექავს
და ხერხემლის მალებს გითვლის,
როგორც მეტყევე უთვლის ასაკს
ასწლოვან ხეებს...

და შენს საფლავზე შენი შვილი სიყვარულს თესავს...


. . . #3

სადღაც, რომელიღაცა ამოსუნთქვაზე
ჩემს თვალებში არეკლილი დედამიწა მემშობლიურა.

მგონი შინა ვარ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი