თამაზ ბაძაღუა - ფოტო

თამაზ ბაძაღუა

პოეტი, დრამატურგი

ბებერო ცაცხვო

ბებერო ცაცხვო
გაზაფხულზე მეც ვყვავილობ შენს ხმელ ტოტებთან
მეც ქარებში ვდგავარ ღიმილით
და თავსხმა წვიმა აუხდენელ სიზმრებს მისველებს.
მეც მაკითხავენ გაზაფხულზე შენი ფუტკრები,
აშრიალებდეს შესაქმის ბნელ წიგნს
რომ გადახსნილი ყვავილებიდან
კრიალა შხამი ამოსწოვონ
და ნელ-ნელა თაფლად აქციონ.
ბებერო ცაცხვო,
მეც დამფარა ყვითელმა ხავსმა,
და ჩემი ქერქიც გაიჟღინთა სიკვდილის წყლებით.
ბებერო ცაცხვო,
გაზაფხულზე მეც ვყვავილობ შენსხმელ ტოტებთან,
ხელაპყრობილი გაწითლებულ ვარსკვლავებს ვუმზერ
და წყნარად,წყნარად მეც ვმაღლდები
დაკარგული სიხარულისკენ.