თამაზ ბაძაღუა - ფოტო

თამაზ ბაძაღუა

პოეტი, დრამატურგი

0 645

სასაფლაოზე


ციმუჭი ჩაქრება შუქი კანკალით
ნისლების ქვემოთ, მაღალ ბალახში
შაეცოცდება ქვას ღრიანკალი
დურგალი ქვაზე დადებს შალაშინს
და გააბოლებს მწარე პაპიროსს.
ნისლებისა და ცაცხვების ქვემოთ
უბრალო ხისგან ჯვარი იკვრება,
რომ ვიგრძნოთ შუქის და მიწის გემო
და წებოვანმა ჩვენმა ფიქრებმა
ცისკენ ახედვა რომ დააპირონ.
აქ, ნისლების და ცაცხვების ტბაში
გრძნობ, რომ წყალივით გწყურია ღმერთი,
არც არაფერი არსებობს შენთვის
ელემენტებად და ხავსად დაშლილს
არც ღრიანკალის გესმის სისინი.
მე ვდგავარ, თითქოს წამსვლელი არ ვარ,
თითქოს განგება ჯერ კიდევ მაცლის
რომ მივხვდე: ცა ვარ, მატლი თუ კაცი,
დურგალი ქვაზე იფერთხავს შარვალს
და სამი ჩამპალ კბილით მიცნის.
კომენტარები (0)