ის ნაკვალევი შემოდგომის მდინარეებმა დაინაწილეს..


ის ნაკვალევი შემოდგომის მდინარეებმა დაინაწილეს,
ის სუნთქვა ზამთრის ქარიშხლებმა თან წაიყოლეს,
აღარაფერი დარჩენილა – თებერვლის სუსხში
მოწყენილ ბაღთან სამასი წლის ყვაყრანტალებს.
ზამთარი მოდის, გრძელი და ცივი
და ერთი ლუკმა სითბო მაინც შევთხოვოთ გამჩენს,
ყვავი გაფრინდა,
მშვენიერი ყვავი გაფრინდა
სიცივეების წმინდა მხარეში,
ხოლო იმ წუხილს ვარსკვლავები მოგიყვებიან,
ოღონდ ახედე და იფიქრე გზის დასასრულზე
და ქვაფენილიც ის გაშლილი ხელისგულია
სადაც ვკითხულობ ჩვენს დამარცხებას.
გაუთენარი დღეები გზაფრავს,
ვერ ამობობღდი ბინდის ხაროდან,
ჩაგძახი, როგორც ჭერახდილი საფლავს
სადაც ბავშვივით მოგიხაროდა.
ჩაგძახი, თუმცა ამაოდ ვბილწავ
სიტყვას, გულზე რომ გამხია კეცად
და ზეცასავით იხსნება მიწა
და მიწასავით ღამდება ზეცა.

ჩემ შიგნით ორმო ამოვთხარე,-მითხრა გლახაკმა
ახლა იმ ორმოს ფსკერზე ვდგავარ
და მთელი დღე ვცეკვავ გიჟივით.
__ ნუ დაესწრებით მეგობრებო, ამ დღესასწაულს
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი