თამაზ ბაძაღუა - ფოტო

თამაზ ბაძაღუა

პოეტი, დრამატურგი

შენს გულზე სიყვარულის ნაცვლად..

შენს გულზე სიყვარულის ნაცვლად
კოლხეთის ყვითელი ბალახი სეირნობს.
მე დამესიზმრა: თითქო შენს სიკვდილში შევედი,
როგორც შემთხვევით გამოღებულ კარში
და ვერ გიცინი.
ჯოჯოხეთის მღვრიე სუნთქვაში
ჩარეცხილა შენი თვალები,
შენი ტუჩები აულოკავს წყვდიადის თოვლ-წყალს,
როგორც შხამი ბეჭვდის თვალიდან.
ვიღაც კარზე დააკაკუნა
თუ საკუთარი ხმა მაშინებს.
და ცგრძნობ: არ მინდა სიზმრიდან წამოსვლა,
თითქოს ბეჭებში გაღუნული სასაფლაოზე მივდიოდე
და შემზარავი რეალიზმის ნაპირებთან
უმწეოდ ვფართხალებდე.
ყველა ლამაზი სახე იქ დამრჩა,
ყველა ლამაზი იმედი იქ დაბოლოვდა.
შენს გულზე სიყვარულის ნაცვლად
კოლხეთის ყვითელი ბალახი სეირნობს,
ხოლო ბალახის სიმღერა-
ნახევარი სიმღერაა.