შენ იმ ფანჯრებში შუქი დალანდე ..


შენ იმ ფანჯრებში შუქი დალანდე
და ჩუმი ტანჯვა გაკრთა ბაგეზე
რომ კვლავ შეხვდებით-მაგრამ მანამდე
მე და სიცივე ერთად დაგეძებთ.

არ არის გზა და მაინც მივდივართ,
ვერ ვხედავთ მზეს და მაინც ვლოცულობთ,
გაუტეხავი რწმენის ბინდიდან
ჩვენი თვალების შუქით ორსულო.

იმ რწმენის ბინდში გაუნათებელ
დღეებს არავინ გვიბრუნებს უკან
მოციქულებიც ღამეს ათევენ,
სატურნის შუქზე დამსხდარნი უქმად.-

ჯერ არც დროა და არც მომავალი,
ჟამი ნათლის და ბნელის გაყოფის
და უკვე ყივის ბაღში მამალი,
ხეებსაც უკვე სტკივათ ნაყოფი.

მე და სიცივეც ვცდილობთ წინასწარ,
ვიგრძნობთ ის შუქი ჩუმი ხალისით,
ჯერ არაფერში და არავისში
არ შეჰპარვია ეჭვი იმასაც-

იმ დაუწერელ ფურცლებსაც რახან
ეძლევათ ტანჯვის და სისხლის ფორმა,
ყივის მამალი და მხოლოდ ორმა
ვიცით, ამ სიზმარს ვერავინ ნახავს.


ცივ წყალში უკვე აწრთობენ ლურსმანს,
ხეს ჭრიან რათა გათალონ ძელი,
და ჩვენი გული იმ კაკუნს უსმენს
გული, სიკვდილზე ფიქრივით ძველი.

ჩვენ იმ გულიდან მოვდივართ აქეთ,
ორიათასი წელია თითქმის,
და ნელი ტანჯვი იხსნება ბაგე,
რომლითაც მხოლოდ დუმილი ითქმის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი