ამოსულა ლხენით..

«ერთი პეშვი სიმშვიდე»
ეკლეზიასტე

ამოსულა ლხენით
დილეგიდან შენი სული
და სამყარო მთელი
მთვარითაა შენისლული.

მისეირნობს ზღვაზე
ღიპიანი იალქანი,
მთვარითაა სავსე
ტალღებიც და ნიავ-ქარიც.

მთვარითაა სავსე
ცის მბრწყინავი მინანქარი,
დაიმსხვრევა თითქოს,
როგორც კი თითს მიაკარებ...

მისეირნობს ზღვაზე
ღიპიანი იალქანი...