ბაგრატის ტაძარი

და თითქო ბნელში გადაიძრა შუბლი ქართული,
ქვად გაიკვეთა ფიქრი მთებად გადანაძარი,
იქ ხომ ტაძარი იყო შავი და შემართული,
დიდი ბაგრატის უკვდავი და მშვიდი ტაძარი.
იყო ტაძარი ატირებულ სილამაზისა,
იყო გუმბათი, გუმბათი ხომ მუზარადია,
როდესაც ხევებს გაახელებს შმაგი ფაზისი,
როდესაც მთებზე დალეწილი წლები ადიან.
აკივლდებიან კაეშანით ტაძრის სვეტები,
ცივი ლოდები ალბათ ლოცვას ელოდებიან.
იყო ტაძარი სისათუთით და გამეტებით,
იყო ტაძარი, მაგრამ ხავსი არ მოსდებია.
ქუთათურ ქუჩებს აიწევდი მწვანე უბიდან,
ქუთათურ ქუჩებს სიჩაუქე შენი ანაზე,
ბინდის დოლბანდით მთებს რომ გული გადაუბინდა,
მშვიდი ტაძარი იძინებდი ქვათა ნანაზე.
და ირწეოდნენ ჩუქურთმები აწნულ თმებივით,
ვაზის ფოთლებად ითლებოდა რთველი ლოდების,
იყო ტაძარი, იყო თითქო გამუდმებივად,
იყო ტაძარი ატირებულ ქვათა გოდებით.
მაგრამ სიშავედ გაიშალა მისი მშვენება,
დიდო ტაძარო, რაოდემდის უნდა იგრგვინო,
დარჩნენ ქუჩები ქუთათური უცხო ჩვენებით...
არის ქალაქი უნაზესი და უგვირგვინო.