ახალი დასტა

                   (სიმღერა)
სამი დამა მირჩევნია
სახელოვან სამ კაროლს! _
ქალი ქმნის და ქალი ანგრევს
პოეტების სამყაროს...
კაროლების _ არა მჯერა,
ვალეტის და დამის _ კი!
რა წავაგე, რა მოვიგე _
რას დაეძებ, დამისხი!
ხელს ვუსვამ და ვეფერები
ახალმოსულ სამ დამას _
თითქო მართლა ვეხებოდე
მკერდს და თეძოს თამთამას...
ბევრიც მკიცხონ, მამუნათონ _
ვერ მოვრჩები ამ თამაშს!
ანდა რატომ უნდა მოვრჩე
დარდის ჯალათს _ ამ თამაშს...
ფიქრში ხშირად ვეფერები
ელეგანტურ სამ ვალეტს! _
მეჩვენება _ სწორედ იგი
გამისტუმრებს ამ ვალებს...
ექვსიანი? შვიდიანი? _
მათი თავი სადა მაქვს! _
ცოლის გამოც ვერ გავწირავ
სამაიას _ სამ დამას...
სამაია მირჩევნია
სახელოვან სამ კაროლს! _
ქალი ქმნის და ქალი ანგრევს
პოეტების სამყაროს...
თუმცა მუდამ _ დღისით, ღამით _
აურაცხელ ფულს ვაგებ,
აგერ ნახე, აგერ ნახავ _
მეც ვიყიდი ფოლკსვაგენს!