ძვირფასი სახელები


ჰარიარა _ ლალე, ჰარიარა _ ლულუ,
ჰარიარა _ ლილე, ჰარიარა – ლოლა!
სად არიან, ნეტავ, გურამა და რეზო,
გურამა და საშა, გურამა და ჭოლა!

მომიკითხეთ, ყველა, ვინც საფლავში არ წევს,
ვის საფლავზეც ქარი ყვავილს ჯერ არ არწევს!
ჩემო კარგო დებო, ვერ გივიწყებთ ვერც ერთს!
საყვარელო ძმებო, არ გივიწყებთ არც ერთს!

დივლიდალა _ ლალე, დივლიდალა _ ლილე,
დივლიდალა _ ლულუ, დივლიდალა _ ლელე!
უერთდება სუფსა გრიგოლეთში შავ ზღვას,
უერთდება სუფსას ჩემი ცრემლის ღელე...

ერთს ვეძახდით ლიას, და მეორეს _ ლიკას,
ერთს ვეძახდით დავითს, და მეორეს _ ულუს!
ჰარიარა _ ლალე, ჰარიარა _ ლოლა,
დივლიდალა _ ლილე, დივლიდალა _ ლულუ...

თავს როგორც კი დავდებ, ეს ბალიში წამსვე
გადამაქცევს ისევ თითისიგრძე ღლაპად...
ცრემლისაა, ნეტა, ეს სისველე თბილი,
თუ ზღვის მლაშე წყალი ახლაც ჩამეყლაპა...

ჰარიარა _ ლალე, ჰარიარა _ ლოლა,
დივლიდალა-ლელა, დივლიდალა-ლილე!
სადმე თქვენთან, ახლოს... ამ უბრალო ანდერძს,
რა თქმა უნდა, ძმებო, მეც ვუტოვებ შვილებს!

ჰარიარა-ლილი, დივლიდალა-ლოლა...
იოლია თქვენთან თვით საფლავში წოლა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი