0 1114

ვარიანტი


გინდ კეისარი იყავ,
გინდ - სიამაყე კორსიკის -
სიკვდილის საქმე ყველა -
წყდება დახურულ კარს იქით...

ვწუხვართ. დავეძებთ. ვფიქრობთ...
იდუმალების არსი კი
გახლავთ იმაში სწორედ,
რომ საქმე წყდება კარს იქით...

ჩვენ - ტრაგედიას ვუმზერთ...
გულისმომკვლელი ფარსი კი
იქ თამაშდება, იქ -
სადღაც... დახურულ კარს იქით...

ამ დედამიწის იქით,
ამ ვენერას და მარსს იქით -
შორს, უბოლოოდ შორს -
სადღაც, დახურულ კარს იქით...

ვერსად... ვერასდროს... ვერვინ...
ჰო... არც მე... არც შენ... არც იგი...
შორს, უბოლოოდ შორს -
მაგრად ჩაკეტილ კარს იქით...
კომენტარები (0)