ვისი თვალიდან მოწვეთავს..

ვისი თვალიდან მოწვეთავ, ვისას ასველებ ლოყას!
შენი უკვდავი წახნაგი ახლა ვის უპეს ლოკავს!

უზომო სიხარულის ხარ, თუ უსაშველო დარდის!
ვის გამოც გაჩნდი _ მიწაზე ნეტა თუ ისევ დადის...

სულ ბოლოს როგორც იმედის _ შენს გამოჩენას ველი!
უდაბნოშიც და ციმბირშიც _ ხარ ერთნაირად სველი!

ყველაზე დიდო ხელმწიფევ, ყველაზე დიდო მონავ,
ვისი სულიდან მოწვეთავ, ვისი ფიქრიდან ჟონავ...

ვარ შენთან მუდამ შეთქმული _ თითქმის სამოცი წელი...
ჭირშიც და ლხინშიც _ პირველმა სწორედ შენ მომე ხელი...

მშურს შენი სტალაქტიტების _ აღმართულების სვეტად!
ამ ცოდვილ დედამიწაზე კიდე კაი რომ წვეთავ...