თეა თოფურია - ფოტო

თეა თოფურია

პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორი

ისეთია ეს ყველაფერი ..

ისეთია ეს ყველაფერი,
თითქოს მეექვსე შვილი ვიყავი,
შემთხვევით რომ ჩაგესახება.
თითქოს წამოიკრა დედამ თავში,
მამა - დაიბოღმა.
თითქოს თქვეს და-ძმებმა,
ფეხებში მოგვედება,
თუ ბიჭი იქნა,
ცოლი სად უნდა მოიყვანოს,
თუ გოგო - რა გაათხოვებსო.
თითქოს ვეხვეწე ყველას,
ოღონდ გამაჩინეთ და არაფერი მინდა,
ოღონდ, და ხმას არ ამოვიღებ,
არც ცოლს მოვითხოვ და არც ქმარს,
იატაკზე ვიწვები,
საჭმელსაც, თუ რამე მოგრჩათ, იმას შევჭამ-მეთქი.

ისეთია ეს ყველაფერი,
თითქოს, პირობას ვასრულებ.

წყარო: litklubi.ge