გადმოწერა: PDF

თეა თოფურია - ფოტო

პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორი

არაფერი არ ეშველება ..

არაფერი არ ეშველება
ამ ლოდინს,
ამ ვაგზალზე გათენებულ ცხოვრებას.
ყოველი დღის დაწყებას ასე:
იქნებ, დღეს...…
და დამთავრებას:
დღესაც არა.
ამ აწმყოს,
ვერაფრით რომ ვერ დაემგვანა მომავალს
და მომავალს,
რომლისაც ისე მეშინია,
საკუთარ თავს ვეუბნები,
უჩემოდ წადი, ცალი თვალით შეიხედე
და თუ რამე, გამოიქეცი.
არაფერი არ ეშველება ჩემს სახეს,
ასაკს რომ ვერ იმჩნევს
ან რანაირად, თუ იყო მხოლოდ ნახევარცხოვრება.
რამდენჯერ ვუთხარი ამ გზასაც,
ამ გაწელილს,
ნაპირებზე ამოსული ქერით რომ მკვებავს -
დამახვედრე ერთხელ რამე გადახურული,
სადაც დავჯდები
და შოკოლადის ნამცხვარს მომიტანენ.
გეფიცები, მაინც ვილოცებ,
მაინც დავწერ,
არც თავში არ ამივარდება.

მხოლოდ დავჯდები
და ნებას მივცემ ჩემს თავს - დავბერდე.