1 8782

ამოხეული გვერდი


ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი,როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

მას მეოცნებე მკითხველის ნაცვლად
ესალმებოდა დახრილი კედრი,
ფრთხილად დაეცა ნაწვიმარ ასფალტს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

აყვითლებული,პაწია,ციცქნა,
გვერდი,რომელიც არავის ერგო,
მკვდარი ჩიტივით დაეცა მიწას,
მკვდარი ჩიტივით ასფალტზე ეგდო.

მას კითხულობდა შრიალით ვერხვი,
სხვა მეოცნებე მკითხველის ნაცვლად,
შენც დააბიჯე,ძვირფასო,ფეხი,
ვერ შეამჩნიე ტალახში ალბათ.

ღამენათევი პოეტის თვალებს
დაღალულ ფიქრთა მოადგა ცრემლი:
სიკვდილი ტკბილი,სიკვდილი მწარე,
აუხდენელი ოცნებით მწველი.

სიცარიელეს ვატარებ მკერდით,
ახლა ვიგრძენი არყოფნა სრული,
ამოხეული წიგნიდან გვერდი
იყო მწუხარე პოეტის გული.

ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი
და ჩემი გული ასფალტზე ეგდო,–
ამოხეული წიგნიდან გვერდი,
გვერდი,რომელიც არავის ერგო.
კომენტარები (0)