ბრმა ბედის წიხლთა საუნჯედ ვიქეც ..


ბრმა ბედის წიხლთა საუნჯედ ვიქეც,
ვერ მომერიენ რისხვანნი ზეცის! 
სიკვდილი შენი თვალებით მიცქერს 
და გაბზარული ზარების კვნესით ვტკბები.

ჯვარცმულთა გვირგვინი მიმაქვს, 
მოღალატეთა ათივე მცნების. 
ვინ ნახოს ერთი?! სიკვდილის პირას, 
გათეთრებული პოეტის თმები.

განა მღელვარე ქარიშხლებს მივდევ?! 
განა ამ ქარში გენია მიმაქვს?! 
უბრალოდ ერთ გვერდს მოგიძღვნი კიდევ 
და მერე შუბლში დავიხლი ტყვიას.

შემომეცალა ღელვა და ალღო.
შენ კი სიფრთხილით ფეხდაფეხ მომდევ, 
თუ თვითმკვლელობას არ მაცლი კარგო, 
ბედი მწერია ლოთობით მოვკვდე.

რადგან მიჯნურთა გვირგვინი მიმაქვს, 
მოღალატეთა ათივე მცნების. 
ვინ ნახოს ერთი?! სიკვდილის პირას. 
გათეთრებული პოეტის თმები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი