სიმაღლეა განცდის ან ...


სიმაღლეა განცდის ან სიმაღლეა აივნის, 
ჰაიამის დოქები არასოდეს მეყოფა,
ძარღვებს სისხლი გასდის და სურდოსავით გამივლის,
ტყუილი და დოგმების უჩვეულო ეპოქა...

ოდესმე თუ მორჩებით ამინდებზე საუბარს,
ყველაფერზე პასუხობთ, არაფერი ისე რა,
მე კი იმის ნაცვლად რომ დუმილს მხარი ავუბა,
ღამე მგლების ყმუილზე ეშვით მაჯებს ვისერავ...

კარებს წიხლით დავაღებ, ნიავდება ნამუსი,
ნუ იცინი ვინ იცის იქნებ მართლა შემომრჩა,
ჯალათების გარშემო, მსჯავრდებული სტატუსი,
ეშაფოტზე ავდივარ, მერე ფრთებსაც შემბოჭავს,

ზეცა მისი სილურჯით, ახლა მორჩა ვსრულდები,
უჯრედები მელევა, ვემსგავსები ამებას,
ბნელ ჩიხებში მხვდებიან დაკარგული სულები,
გამო მერე თაყვანი ეცი ებულ სამებას,

მე კი თითებს მოვიჭრი არასოდეს ვილოცებ,
გამიქრება ნამუსი მისი ქენჯნაც გამივლის,
ვერასოდეს მიხვდები ცათამბჯენის ტილოზე,
სიმაღლეა განცდის თუ სიმაღლეა აივნის...

მეგობარო გაგიმხელ ახლა როცა მტერი ხარ,
სადღაც ჯიბის სიღრმეში ჩამალული მონეტით,
როცა შემორჩებოდა ქალაქს შავი მტრედიღა,
დაგეძებდა ქუჩებში მეამბოხე პოეტი.

გაჰყვიროდა მთელი ხმით, მონატრებულ სახელებს,
დაწყვეტილი ნერვებით, ჩახლეჩამდე იოგების,
ახლა ნაცვლად ღიმილის შავი სისხლით მახველებს,
და ნუგეშად მიწყვია ჰაიამის დოქები...

ყველაფერზე ვპასუხობ, არაფერი ისე რა,
სიმაღლეა განცდის თან სიმაღლეა აივნის,
ღამე მგლების ყმუილზე ეშვით მაჯებს ვისერავ
ძარღვებს სიხლი გასდის და არასოდეს გამივლის.

ის რაც ადრე მარტივად, მირჩებოდა მარილის,
ეშვზე მოყრის გარეშე შენი იყო კაპიტან,
რამდენიმე წუთიც და მაჯისცემა გამივლის,
მანადე კი როგორმე გულისცემას ავიტან...

წყარო: www.gpoets.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი