ახლა, ათი წლის წინ


1

მე ახლა ყველა ვარ, ვინც წავა და გამუდმებით
ვიცვლები სადღაც მიმავალი თეთრი ეტაპის
ტრაექტორიით, სახეებით და გამრუდებულ,
სახელდახელოდ ამოქოლილ სულის ზედაპირს
ამ ბოლოს წინა, უხეირო  სიტყვებს რომ ვაწერ,
სახურავებზე სული ძვრება მოხუც ანტენებს
და ქარი არწევს, გაცილებით იოლად არწევს
ამ ათი წლის წინ, ანუ ახლა, როცა ვათენებ
გაბადრულ ღამეს, სადღაც აქვე, ამ ფარდებს იქით
ავადმყოფებმა აითვისეს ღამის მისხალი
და ერთჯერადი, ასჯერადი პლასტმასის ჭიქით
ერთმანეთს დამთბარ, გაბრუებულ სულში ისხამენ. 

2

ქალაქში, სადაც ათი წლის წინ იმდენად არ თოვს,
რომ აივანზე გასვლა ღირდეს, ყველა მიხვედრილ
დარაჯს კარები ღიად დარჩა, ფანჯრები - ფართოდ...
არ თოვს, არადა, უნდა თოვდეს ჟანრის მიხედვით.
სხვა ყველაფერი წესრიგშია, რაღაცით მკურნავს,
მამხნევებს თითქოს, უძრაობით ასე გადაღლილს,
როცა მწერები აყროლებულ სანაგვე ურნას
დასტრიალებენ, ეხვევიან ახლადგადაყრილ
ნაგავ-ნარჩენის სულებივით, სხვადასხვა სახის
აწ დამტვრეული ნივთების და ჟურნალ „მეტყევეს“
გარეკანისა, რაც თავის მხრივ გვერდითა სახლის
მარად უზადო ჰიგიენის ზნეზე მეტყველებს.

3

მე ახლა ყველა ვარ, მე, ანუ, არც ისე ბევრი,
თეთრი და შავი კინო-კადრის მუნჯი ნაზავი.
მოვიმარაგე ანკესები და გასაბერი,
რეზინის ნავით უნაპირო ზღვაში ვთევზაობ.
ანუ, ნიჟარა ნაგანივით ყურთან და ვისმენ
აკუსტიკური ილუზიის ბოლო არიას
და მაშინათვე გონს ვეგები, ვფხიზლდები მყისვე
ათი წლის შემდეგ, როცა უკვე აღარ არიან
ყველა, ვინც იყო და მეც ყველა ვიყავი ოდეს.
კოცონი ჩაქრა, აღებულა ყველა კარავი 
და იმ ქალაქში, სადაც ახლა არ უნდა თოვდეს,
თოვს, მაგრამ სახლის აივანზე არ დგას არავინ.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი