ორი პაციენტი


აგროვებ ბარათებს, ტელეგრამებს
ნანტიდან, ვენიდან, კორედოდან.
არის ბეირუთი, კალიგრამი,
უფრო შორეულიც, ორიოდე.
შენი წეროები - ორიგამი,
ვერჟეს სიფრიფანა კარამელი.
მთელი ფლოტილია - ორი გრამი.
ერთი ჩაძირული კარაველა.
კრაფტის გარდერობი - ტრიკორნები
და ამ ექიმებმა რა იციან -
როგორ, რა მეთოდით ინკურნება
ძაფზე დაკიდული მიგრაცია,
აქვე, მინდვრებისკენ ელისეის,
გვერდით პალატაში, საყვარელო, 
სადაც ყველაფერი მელნისაა, 
მხოლოდ ხელები - აკვარელის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი