0 5052

...და გარიბალდის წითელი ქუდი


სულ ბავშვი ვიყავ და პირტიტველი

მერცხალის გული მქონდა საგულეს,

როცა მიწვევდა ბრძოლა პირველი,

ბრძოლა, რომელიც მე არ მარგუნეს.

ცხრაას თვრამეტის ვიგონებ აპრილს

და თათრებიდან დაქცეულ ბათომს.

ვხედავ ქართველ ჯარს იარაღაყრილს

და ეს სირცხვილი დღესაც ძვალს ათბობს.

გვიდუღდა სული შურისძიების,

ამ ცა და ქვეყნის გადარევაში

ჩვენი წყურვილი იყო - ეგების

აგვეღო თათრის ერთი რევანში.

ზემოთში ვდგევართ... და მტერს მოველით.

ყველა ჩვენგანი ფალავანია.

სახეში გვირტყავს ქარი სოველი,

გულები ციხის გალავანია.

ახალციხიდან მოტირის მტკვარი,

გვილოცავს ბავშვებს ახალ ასპინძას.

თათრების ტყვიის ცეცხლით გამთბარი

მდუღარე ცრემლი თვალებს აგიწვავს.

გადაიკარგენ, წავიდენ, გაჰქრენ

ახალგაზრდობის მშფოთვარე წლები.

გულიც ეჭვებმა მაგრად გასარმეს,

კუბოს სანთლებად დგანან ნაძვები.

გულო, გეყოფა ასად გახდომა,

იმ გაზაფხულის ცეცხლით აქუხდი.

ამას გავალებს ახალგაზრდობა

და გარიბალდის წითელი ქუდი.
კომენტარები (0)