0 1555

დაო დოლორეს,ძმებო ბასკებო..


შეწყდა სიმღერა და სერენადა,
აღარ იმღერის ინეზილია,
ცეცხლის კვამლშია ახლა გრენადა,
სისხლის ტალახში მიზელილია.
აღარ ახარებს ახლა ტოლედოს
კარმენის ცხელი ვნების სიცილი,
ქალების მოთქმა ქუჩებს მოედო,
ყველგან ბავშვია იქ მისრესილი.
და ლესავს დანას ბასკი დონ-ხოზე,
მტერს მტრულად უნდა დახვედრა დროზე.

- ბარიკადებზე! - არის ბრძანება,
ისმის კივილი - ცეცხლი მაგარი.
სირცხვილი ვაჟკაცს, თუ მტერს დანებდა
და მიატოვა თავის სანგარი.
ბრძოლა მედგარი და გამეტება
ამ ვაჟკაცური ხმის დასტურია
და რესპუბლიკას მტლად დაედება
თავგანწირული კვლავ ასტურია,
სახალხო ომის ყველა მედროშე
თავის თავს დაჭრილ ლომის ლეკვს ადრის,
იბრძვის ქუჩებზე, იბრძვის მეტროში
და რკინის კედლად ადგება მადრიდს.
ომში დამწვარი და შენაბური,
თავს დასტრიალებს მათ იბარური.

გამიგონია, საქართველოდან
ესპანიაში წასულა ბერი,
ეს იოანე თურმე ელოდა,
იქ მოეძებნა მოძმე იბერი.
ეს დონ-კიხოტი დონ-კიხოტამდე
ქვეყნად ეძებდა ახალ სამშობლოს,
ალბათ იმ დროში სხვებიც შფოთავდნენ,
მაგრამ დაუწყდათ იმედი ბოლოს.
ორი კი არა, ერთიც არ ჰქონდათ,
მათი სამშობლო ნიავს გაჰქონდა.

დღეს ესპანია რევოლუციის
სამშობლო ქვეყნად ყველას გვერგება.
იქ ჩვენი მოძმე ჩვენ ხმასაც უცდის,
ჩვენი გულისთვის ხმალზე ეგება;
და დოლორესის ხმას დაუცხრომელს,
რევოლუცია აძლევს სიმძაფრეს,
ეს ურჩევნია ესპანელ მშრომელს
შეიარაღებულ გემების აფრებს,
მას დამარცხება არ განუცდია,
თვითონ ცეცხლია რევოლუცია...
დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო,
სისხლში ნადნობო მთავ ასტურია!
ჩვენი მოძმენი თქვენთან იბრძვიან
და გამარჯვების ეს დასტურია.

მემატიანეთა თქმით, ბერი იოანე, დარწმუნებული,
რომ ივერია და იბერია ერთი და იგივე ქვეყანაა,
წავიდა ესპანიას ახალი სამშობლოს სანახავად.
კომენტარები (0)