დასაბამიდან..


დასაბამიდან დღეცისმარადი
საქართველოში ამ ღვინოს სვამდენ,
გადადიოდა ხელში ხელადა
დარუბანდიდან ნიკოპსიამდე.

საკუთარ სისხლით დაკვეთილ ზედაშს
ცხენზე დალევდა ომში ვაჟკაცი,
რომ შემდეგ თათრებს უტიროს დედა
დაატრიალოს ხმალი სიმკაცრით.

მე დღესაც ვხედავ მამაც რაინდებს,
კოშკში დამწყვდეულ მზეთუნახავებს,
მათ სადღეგრძელოს ნუ მომარიდებთ,
ამაზე მაინც ნუ დამძრახავენ.

ბარათაშვილი არაგვზე სვამდა,
მე კი დღეს მახრჩობს ”ქიმერიონი“.
მტრედიც გადიქცა ეხლა სვავადა,
სხვა ქარიშხლების მოდიან დრონი.

რა საჭიროა სატრფოს ცრემლები,
არც ქარს ვაწუხებ საფლავის თხრისთვის.
მოისვენებენ ისედაც ძვლები,
თუ კრემატორი აღირსეს ტფილისს.

დამისხით, ძმებო დამალევინეთ,
ამივსეთ ყანწი წითელ ღვინოთი.
საქართველოში ბევრი მაგინეს,
მიუმატებენ, რომ ვარ მე ლოთი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი