ვალერიან გაფრინდაშვილს


შენი ოცნება მოიხარშა გოიას ქვაბში,
აღარ სცილდები დაბნელებულ ძველ ესკურიალს.
მწარეთ გაწამებს ბალახვანი, როგორც გურიელს,
ღამის მხედარო, ანთებულო ღამეთა წვაში.

შენ შეიყვარე ოფელია, აღარ სცვლი სხვაში.
ვიცი, რომ უფრთხი გაგიჟების სხვა ქარის ტრიალს,
მაგრამ სადავე შენი ლექსის დახრის დარიალს,
ახლოა მოსე, პოეზიის მეწამულ ზღვაში.

დუელში მოკლულ ორეულთა დადევი გორი,
ლოტრეამონის მაინც გებრძვის შენ მალდარორი,
მეც შენთანა ვარ ამ ბრძოლაში, ვინ დამაკავებს?

უკანასკნელი დაისების ცეცხლში ალდები,
მეც თავს დამნათის ჩემ ქალდეას ცეცხლის კალთები,
მაგრამ სახელი პოეტების უფრო გვაბრმავებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი