ილაიალი


ალი არსენიშვილს

სკიფიაში ვარ... ქიმერიის
მწუხრით დამწვარი,
ალი, ძვირფასო, მე შენი ხმით
ვკითხულობ პუშკინს.
ბახჩისარაის შადრევანის
მასველებს ღვარი,
ძველ შადრევანებს ატირებას
არავინ უშლის...

და ვეკითხები ამ დაბურულ
სკვითების ღამეს,
რა იქნა ჩვენი ჭაბუკობა
და გატაცება?
ვინ გადაფისა ასე გული
მშრალი ბალღამით
და არ გვაცალა შთაგონების
დავაჟკაცება...

მალე ტფილისში, როგორც წინათ
ვაჟა-ფშაველა,
მე ჩამოვიტან ხურჯინებით
დაწერილ ლექსებს.
მაგრამ ლექსებზე მეტი მომაქვს,
მაინც ნაღველი,
ასე უჩემოდ სასიკვდილოდ
რომ გამილესეს.

და გეფიცები მეც ოვიდის
დამწუხრებულ ლანდს,
რომ ძველებურზე კიდევ უფრო
შენთან ვარ ახლო,
ვოცნებობ შენთან რუსთაველზე
ტირილით გავლას,
დავიწყებული სტრიქონები
რომ განვიახლოთ.

ვიგონებ იმ დროს, როცა შევხვდით
მართლა ლოენგრინს,
თეთრი ვაშლის ხე თეთრ ხიდეზე
მოსცურდი გედით;
გიგონებ რაინდს, სამუდამოდ
ლექსით დაბეგრილს,
რომ გათენებას ქუთაისშიც
ვეღარ ვიგებდით.

ვიგონებ ტფილისს... რძიან დილას
და ვარდისუბანს,
აბნეულ სიტყვას, ლექსების ორთქლს,
ილაიალის
და საიათნოვას სიმღერებით
აყვანილ დუქანს.
ალი, ძვირფასო, დაგრჩა რამე
იმ ცეცხლის ალის?..

თვრამეტი წელი... დასაწვავი
თვრამეტი წელი.
ჩვენ გუსარები... გაფრენილი
ჰოლანდიელი.
მომტირის გული, სასიკვდილო,
გული ალალი!
ციცინათელად გადამდნარი
ილაიალი...

ბუენოს აირეს... ალეხანდრო
და კასტილია!
თეთრი საბნებით თავწაკრული
მალაელები.
იმ ტანჯულ დღეთა პანაშვიდი
გადახდილია,
საბანეევას უნაზეს ხმით
ნამტირალევი.

თითქო გუგუნებს ამაღამაც
დავითის ზარი
და ეს სკიფია, სიზმარია,
მხოლოდ სიზმარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი