ლექსის დაბადება


I

1
ცისა და ქვეყნის შესაერთები,
შენ იალბუზი ხიდად გადევი;
საძირკველიდან დაიძრენ მთები,
როცა ამირანს შეაბი დევი.
მიეც ალვის ხეს ყალიბად
ჩერქეზის ქალი ტანადი;
არ გაიჭრება ადვილად
სარმათელ ლეკის ნაბადი.

2
ცა შვინდისფერი, მთაც შვინდისფერი,
შენამულია ევქსინის პონტი;
დგას იალბუზი, როგორც გრიფელი,
თუმცა ასტეხეს ზვავებმა შფოთი:
ეს არის მხოლოდ საფიქრი,
ანდა მას ფიქრიც არ უნდა;
გადნება მზეზე გაფენილ ფიფქად
ლექსების ზვავი, გულს რომ დაგუბდა.

3

ცისა და ქვეყნის შემაერთები
შენ იალბუზი ხიდად გადევი;
საძირკველიდან დაიძრენ მთები,
როცა ამირანს შეაბი დევი.
მხოლოდ ეს გულიც იალბუზია
უცდის ქარიშხალს ფრთებით რომ გასხლას,
ლექსები უფსკრულს მტრედათ უზიან
და ანიშნებენ წარღვნის გადასვლას.

8 ივნისი,
1936 წ.


II

არც ერთი სიტყვა არ დამცდენია
მხოლოდ იმისთვის, ლექსი რომ მეთქვა, -
როცა პწკარები პწკარებს სდევნიან,
საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა.

მაინც თუ ვერ ვთქვა, რასაც ვესწრაფი,
მე ამ ცოდვაში ბრალი არ მიდევს,
ვარ იდუმალი მხოლოდ მიზრაფი
და გული იკვლევს ლექსის ამინდებს.

გაგიგონიათ, ჩემო კარგებო,
რომ სიყვარული ძალით არ მოვა,
სიტყვა სიტყვასაც არ მიუდგება,
თუ ის სიმღერამ არ ამოსწოვა.

სანამ წარმოსთქვამ, ლექსი შენია,
იტყვი, სხვა უცხო მას დაიტაცებს,
და თუ ვაჟკაცის ხელი სჩენია,
მაშინ სხვის ხელშიც ის ივაჟკაცებს.

ლექსი ლექსია, მაგრამ იმატებს,
თუ სიყვარულის ბოლმა გამურა,
თვითონ ვერ იცნობ შენ ბაიათებს,
დაუტაცია ხალხს სალამურად.

და მეჩვენება, რომ ლექსის ძაფი
უძილო ღამეს ხელში ეკავა;
მოსკდება წვიმა თქეშით და ქაფით
და მოვარდება ლექსი წელკავად.

გადაიარა და გადათელა,
როგორც კალია გათელავს ყანას,
მერე დაენთო თაფლის სანთელად,
რომ გაანათოს მთელი ქვეყანა...

10 ივლისი,
1936 წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი