ლურჯი ედემი


ყრმობის სამოთხე... წმიდა სამოთხე,

პირველი კოცნა, შეხვედრის ჟამი,

რუხ ფრთიანმა დრომ მოგვდვა ლაგამი,

გაუწმინდურდა სიწმინდის კუთხე.

პირველი გრძნობის კუბო - სამოთხე!...

მაინც არ მჯერა, ალერსის ბაღი

ჩამომხმარიყოს, ვეღარ აყვავდეს;

მაშინ ცხოვრება საფლავს აგავდეს,

თუ დაგვავიწყდეს ბავშვობა ლაღი!..

მჯერა, მწვანეა ალერსის ბაღი,

ვნების გრიგალი დაგვწივის თავზე,

ნებივრობს, ტანში იცინის ცოდვა,

ცეცხლად იშლება სიგიჟის ბოდვა.

როგორც აფთარი გათხრილ საფლავზე

ვნების გრიგალი დაგვწივის თავზე!..

მაგრამ რა მოკლავს პირველ სიყვარულს?!

სული არ იწვის ვნების კოცონზე,

მაინც ვოცნებობთ ბავშვობის დროზე,

მიველტვით მწვანეს ბავშვობის კუნძულს;

რა მოკლავს გულში პირველ სიყვარულს?..

მწვანე ედემი, ლურჯი ედემი,

ბავშვობა ლაღი, თავისუფალი,

პირველი გრძნობის უმხელი ალი...

ისევ წინ გვიძღვის იმედის გემო,

პირველი გრძნობის ლურჯი ედემი!...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი