მასკარადში


თვალი ბნელდება, გარეშემოს კი ნათლადა სწვავს,

მეწამულ კაბათ ხავერდის სუნს დარბაზი სუნთქავს,

ჭიანურის ხმაც ამ საღამოს უფრო მწუხარებს,

და ჯერედ უცნობს, თვით ჩემთვისაც მიშლის იარებს...

იყო... წავიდა... მოგონებაც არ მაგონდება,

შეუცნობელი კი ფართხალებს გულში ზმანება.

რომ მკითხოთ ახლა, მე რა მინდა, რის ლოდინი მკლავს?

თვითონ არ ვიცი, რა დავარქვა ამ ტკბილს, უხილავს...

წარსული მოკვდა... მომავალის ღიაა კარი,

მაგრამ შორს მოჩანს შეფუთვნილი სუდარით მკვდარი.

ჩემი სულიც ხომ რუხ დილაზე მოკვდა ობოლი,

წარსულ იმედთა ეკუბოვა მიმქრალი ბოლი,

ეროვნულ ცეკვას აჩვენებენ აქ უცხოელებს,

ჭყივის ჭიჭყინა, მოსთქვამს ზურნა ველურ სიმღერებს,

სიკვდილის ქარად მე იგი ხმა წამომიქროლებს,

რექვიემია ეს ხომ ჩემი, ვინ დაიჯერებს!...

და მაგონდება მე ვაშლის ხე მაისის თვეში,

თეთრ ყვავილებით რომ ვაგებდი ეზოში ლოგინს,

აღარ დაბრუნდეს აწ იგი დრო ჩემს სიცოცხლეში,

აღარ დაუწყებს სული ჩემი საყვარელს ლოდინს!..

თვალი ბნელდება... გარეშემოს კი ნათელი სწვავს,

მეწამულ კაბათ ხავერდის სუნს დარბაზი სუნთქავს,

რომ შეაშფოთონ მათ მოწყენა, მუნჯი და მკვდარი,

ჩემ რექვიემად დაფა-ზურნის მოისმის ზარი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი