ნოემბერი


გაყვითლებულა, შეხმობია ფოთოლი ჭადარს,

მეღამურები ევლებიან თავზე ძველ საყდარს.

მიმფრინავ წეროთ სევდის მღერა ატირებს მდელოს

და შემოდგომა თეთრ ზამთრისას სვამს სადღეგრძელოს.

გაღმა ქარიშხალს თავისთავი არ ეცოდება,

ველურ სიმღერის ველურ ცეცხლში იწვის, ცოფდება.

მწუხრის ჟამისას შეეპარა სულს კაეშანი,

მწუხრის საღამოს ეფარება ნისლის საბანი.

გამოილოცა უკვე მამამ, - შაბათი არი

და თეთრ წვერებზე თითქო მოჩანს ლოცვა დამდნარი.

დაბნელდა, თვალი გარეშემო ვერაფერს ხედავს,

კუდიანივით ქარიშხალი მიდამოს სწეწავს.

ქარვის ტალახში ეფლობიან მძიმედ ფეხები,

ყვითელ ფოთლებში მე ვიხრჩვები და ვიმარხები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი