პეტერბურგი


კუნძულებიდან მოჰქრის ქარი დაუდეგარი,
აწვება ქუჩებს ყუმბარების ცეცხლით გადამწვარს.
თუ სცივა ვინმეს, როსკიპების ხროვას გადამთვრალს,
ჩრდილების სუსხში მოდის ლანდი თვითონ ედგარის.

ჯერ არ ყოფილა შებრძოლება ასე მედგარი,
ასდის სიმყრალე შინელების გაგუდულ მაყრულს,
რეცხავს მოიკა მატროსების გვამებს ჩაყურულს,
თუჯის მხედარსაც უბნელდება გული ბედქარი.

ვინ გამოუშვა, ვინ დაიჭერს, ვინ დააკავებს?
ჭაობის ნისლში სიმწრის ოფლი გამოდის მკლავებს,
მოიგონებენ მხოლოდ მარტო ლენინის სახელს.

გასიებული ძირს ეშვება ჰოლანდიელი,
სოველი ჭინკა დაბლა უყეფს ანდრეი ბელი
და უერთდება პეტერბურგი ქაოსის ნახველს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი