0 984

სარგის ჯაყელი


მოოხრავს მტკვარი პირგაგუდული
და შეიკვრება ტაოს საყელო.
გამობრწყინდება მთვარე ქურდული,
რომ დაეზმანოს სარგის ჯაყელი.
რამ ამოზიდა ეს გოლიათი?
ცხენს ხერხემალი ვინ გაუმაგრა?
ურჯულო თათრის რეკავს საათი,
ვაი თათრების ყანას უმარგლავს!
კოხტაგორაზე შეხვდნენ მთავრები,
ასე შეფიცეს ტაშირის კარებს:
დასწვან ურჯულო, როგორც ყავარი,
ქართული ხმალი თუ გაიხარებს...
და იყო ეს ხმა ჩუმი გუგუნი,
ყველა მონასტრის რეკდენ ზარები...
შემოიპარა ღამე უკუნი,
მიიღო შეთქმულთ ეს ზიარება.
თავქვე დაეშვნენ ათაბაგები
გზას უჩვენებდნენ ცოტნე დადიანს.
ეს მხარე შოთას არის ნაქები,
მაგრად უჭირავს ლექსს გრძელ ვადიანს.
მაგრამ მე მინდა მაინც ავტირდე,
ტანზე მაცხია მონგოლის თაფლი.
სიცოცხლევ, რაც რომ ძვირად არ ღირდე,
ასეთი ტანჯვით ერთ წამში გაგცვლი!..
მაღალი არის კლარჯეთის მთები,
ჯაყელის ლანდი სცილდება თავზე.
გულო, აენთე, თუ აენთები,
ნაგუბარ ლექსით ეხლაც ამაგრე.
არ გამოცვლილა ჩვენი ქვეყანა,
მეც ხომ პოეტი ვარ სასახელო.
ხალხმა იკმაროს, რაც იყაყანა,
სიტყვა გეკუთვნის, სარგის ჯაყელო!..
კომენტარები (0)