სეზონის ფალავანი


ეს სულ ერთია, მაინც გაუგებარია
შეიძლება წერა იეროგლიფებით.
თითქოს პატარა ბავშვი ვარ დაფაზე გრიფელით
და ჩემი სულიც სხვას აბარია.

მადონა დეზერტირის ბაზარზე
(უსათუოდ თემაა ახალი),
გულგრილობით ქვეყანა გადავრაზე
„დასავლეთის დივან“-ს დასწერდა ბაყალი.

მე თვითონ მიყვარდა წინათ ლირიკა,
მზად ვიყავ უმიზეზოდ მთელი დღე მეტირა.
დღეს ყველა იმედი მართლა გაირიყა -
ლირიკის პოეტი მგონია მესტვირე.

მართალი გულით, უკანასკნელ თავის განწირვით,
მივმართავ ყველას - უსათუოდ გამომიტირონ.
ლაფორგის კვირა ჭიანურის ატირდა წირვით
დაწყევლილ პოეტს ნუ ამადლით, როცა გთხოვთ მირონს.

წვიმს შემოდგომა წარღვნის წვიმით... მე ვარ ორპირში
და ეს გრიგალი მოთხრის ღამე, - ხომ იხტიოზავრს.
მე მეჩვენება ჩემი თავი მეფის პორფირში,
სოველი ჭინკა თავმდაბლობით მეუბნება ზარს...

მე თვითონ მივდევ ყოველ წასულ დღეს;
მზად ვარ ვიტირო ბავშვზე უმწარეს.
თორმეტმა ღვდელმა მამა გასუდრეს,
მე ერთი ღვდელიც არ ამიგებს წესს...

და ვმადლობ უფალს, ჩემი სული მას აბარია,
მან ერთმა იცის, რომ არ იყო იგი სამიწე.
ასე ატირებდა პოეტს მალარია,
ასე გაუგებრად წერდა ტიციან ტაბიძე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი