0 865

სკვითური ელეგია


I
მაშინ ოვიდი სტიროდა აქ რომს
და იქ დარჩენილ შვილების ალერსს.
ფოლადის ნაჭედს დროც ვეღარ აქრობს,
რომიც ვერ უძლებს ადუღებულ ლექსს.

ასე სტიროდა აქაც პუშკინი
ნისლით დაბურულ პეტროგრადის ცას.
თითქოს ეს იყო ჯერ კიდევ გუშინ
და პეტროგრადი აღარ დაიქცა.

აქ ალექსანდრე მაკედონელმა
ამორძალების შემუსრა ჯარი,
მაგრამ გასცვალა ქალის ქამარში
ლომმა ლომური თავის აბჯარი.

უტეხდა ცხენებს მაგარ ხერხემალს
აქ გადამთვრალი სკვითების ურდო.
გზად გაუვლია აქ მაჰმადის ხმალს,
რომ დუნაიზე გადაეყუდოს.

ბევრი სხვა ტომი, ბევრი სხვა თესლი
ამ ზღვის ნაპირებს გადაერია,
მაგრამ დამშვიდდა იმათი გესლი,
მწუხრის ნისლშია დღეს ქიმერია.

რა მინდა მე აქ? რისთვის მოვედი?
ლექსებმა გული რად ააფეთქეს?
ყელწაგდებული იმღერის გედი,
პირდაპირ სცემენ შუბლს და საფეთქელს.

მაგრამ გადავა კიდევ სხვა ტომი,
იქნებ ევქსინის პონტიც ამოშრეს,
მხოლოდ იცოცხლებს ლექსის ატომით
რაც პოეტის გულს დაღად ამოჭრეს.

მაშინ ოვიდი სტიროდა აქ რომს
და იქ დარჩენილ შვილების ალერსს,
ფოლადის ნაჭედს დროც ვეღარ აქრობს
და მეც ვაგრძელებ გაუწყვეტავ ლექსს.

II
განა თუ მართლა გადმოვიკარგე,
მე ჩემი ნებით გადმოვიკარგე.
ვნახე სკვითების ველური მხარე,
ვიცი ეს მიწა მე აღარ მარგებს...
მე მართლა მიყვარს ჩემი ქვეყანა,
მაგრამ ეს გრძნობა ვის დავაჯერო,
იქ მოსატეხი რომ გახდა ყანა,
მე აქ დავეძებ გვიმრების ჩეროს.
და სტირის ჩემში პუშკინის ლექსი,
დგება სკვითია და ქიმერია.
მე ვის მოვთხოვო ეხლა ალერსი,
როცა ცრემლები გულს მოერია.
ჩამოიტირებს ბრმა მეფანდურე
და აატირებს ქრისტეს ბაზარზე,
ამბობს ცრემლებით ქვეყნის სამდურავს
ძუით მიბმული ძაღლი ბაწარზე.
მე მეტირება, არ ვიცი რაზე,
მეც მაგონდება ჩემი ბავშვობა.
ათასჯერ გული რომ გადავრაზე
მაღირსეთ ერთი ცრემლის გაშრობა.
სტირის მოხუცი ქვეყნის აღსასრულს,
და აკვანიდან ამის მოლოდინს,
მეც ქარიშხლიანს ვიგონებ წარსულს,
მელანდებიან ზღვაზე სკვითები
და სინანულის ცრემლი ჩამომდის.
კომენტარები (0)