სომხეთში


1. ქვათა ღაღადი

თითქო გაცოცხლდა ძველი მითოსი
და ციკლოპები ანგრევენ ლოდებს,
მოხეთქილ კლდეთა შვავი, ხრიალი
შიშსა და ძრწოლას ხეობას მოსდებს.

ბოლშევიკური იბრძვის წერაქვი,
და რაც ოცნებად კაცი სახავდა
ჭირში და ოფლში წყეული შრომა
განთქმულ გმირობის საქმედ გახადა.

აღარ შენდება ხალიფებისთვის
დღეს ეს ქალაქი - როგორც ბაღდადი.
გამოდის ხალხი სოროებიდან,
ძველი ცხოვრების დაგმო ადათი.

თუ ხარ მოყვარე - ხომ გაიხარე,
და თუ მტერი ხარ - მოწყდი და წადი.
აღარ დაინდობს მუხანათობას
ეს მოპირული ელვარე წალდი.

განა თუ მართლა ტყვილად ხატია
გერბზე ნამგალი და ან ჩაქუჩი?
გამოიცვალა ადამიანი
და გაიტეხა ბუნება ურჩი.

თითქო აღელდა კლდეთა უდაბნო
და დააგორა ლოდები ზვირთად,
ვაშა მარჯვენას, ვინც ამ სტიქიის
წინამძღოლობა თავზე იტვირთა.

მე თვალით ვნახე ეს გალაშქრება
და მოვიხადე მეც ეს სახადი,
ნაქებ შირაზის ვარდის მაგიერ
ქვათა მუსიკის გავხდი საადი.
ასე დავწერე თანამედროვე,
სოციალისტურ ქვათა ღაღადი...


2. ლაჟვარდი ლაჟვარდს!..

ლაჟვარდი ლაჟვარდს გადადნობია,
ცის ლაჟვარდითა სევანი სავსე.
შურდულებიდან ისვრიან კლდეებს,
მთებს გაუმართავთ შახსეჲ-ვახსეჲ.

პირი შეუკრავს შავად უდაბნოს,
ღრუბელთა ჯარი თავზე აბურავს.
მთები დამდგარან მინარეთებად
და შესდგომიან თავის ალ-ყურანს.

მოსკდეს მეწყერი... და მიწაც იძრას,
მოვარდეს წარღვნის, წვიმების თქეში;
პოემა ლურსმნით დაწერილია
და გადარჩება ეს ”გილგამეში“...


3. და ავტოდორი დიდ უდაბნოთა...

არ უნდა ამ კლდეს ზედმეტი ხორცი
და არც შერჩება მას თხელი კანი,
ასე დაიქცა დიდი ზვართნოცი,
ასე დაიქცა ლენინაკანი,
ასე მოედვა ცეცხლი ზანგეზურს.

მაგრამ ვერ დაშლის ახალ ცხოვრებას,
სოციალიზმის ტემპით აღგზნებულს,
მიწისძვრისა და მეწყერის რისხვა
და შორს გაჰყვება საუკუნეებს
ბოლშევიკური წელთა აღრიცხვა.

და მეცოდება მე ჩემი თავი,
როგორც საწყალი ჩიტი ნიბლია,
როცა ამ ველზე წამოქცეულა
გილგამეში და თვითონ ბიბლია.

თითქოს ახვეტეს დევებმა ქვები
და სათითაოდ კლდე აალაგეს.
მაგრად დაკეტილ სამოთხის კართან
მე გადვყურებ მწვანე ალაგეზს.

როცა გადგია თავზე ზვინებად
ყოველი მხრიდან მთა არარატის,
გჯერა, აქ ითქვა თავდაპირველად
უკვდავი სიტყვა - აწ და მარადის.

ძველ ქვეყნის წარღვნის მეც ვარ მოწამე,
ვუყურებ სჭედენ ახალ კიდობანს.
ვინა თქვა ჩემზე დარჩა წარსულში,
ახალ სიმღერას ვეღარ ეტყვის ბანს.

ალბათ ერია წარღვნის მტრედებში
უთუოდ ერთი ბერი ქედანი,
ჩქარა სიმღერა, ამხანაგებო,
თორემ დაგვიდგა ლექსის სედანი.

- ეს გილგამეში და ეს ბიბლია,
სოციალიზმის შენების ტემპი.
მესმის უწყალო კრიტიკოსის ხმა,
- შენ, ძმაო, მაინც ძველ გზებსა სტკეპნი.

განა არ ვიცი, რომ დაშნაკებმა
სულით ხორცამდე ხალხი გაყვლიფეს;
მაგრამ რა ვუყო, რომ ვხედავ კიდევ
ასურულ ლურსმნის იეროგლიფებს.

მე უცხო თემში ვიყავი სტუმრად,
მაგრამ იქ უცხო არავინ არი.
ვუსმენ ჩარენცის “ეპიურ დილას“,
მხიბლავს მარტიროს, მე, სარიანი,
და ქართულ ლექსით ალაპარაკდა
ისაკიანის “აბულ-მაარი“.

და ავტოდორი დიდ უდაბნოთა
თავს გადმოგვყურებს მთა არარატის,
ბდღვრიალებს ზანგა - რომ პოეტებსაც
ექნებათ ძმობა - აწ და მარადის...


4. ახდა ოცნება პოეტებისა...

ოვანეს თუმანიანს

რომ არ გინდოდეს დღეს მოგონება,
წარსული მაინც გულს მოაწყდება,
როცა დახედავ ამ დიდ ხეობას,
პატრიარქების გამოვა წყება.

მახსოვს, ოვანეს, შენი სითეთრე
და დაუქრობი ღიმილი, ელვა.
შენი უძირო გულის ფართქალი,
თურმე ყოფილა სევანის ღელვა.

ახდა ოცნება პოეტებისა.
ძმა ძმას არ ებრძვის, სომეხი - ქართველს.
დახედავ შენ მწყემსს, გუშინ ბოგანოს,
დღეს თავის ქვეყნის პატრონს და მმართველს.

შეერთდნენ ერნი კავკასიისა
და იმღერიან ერთ სალამურში.
სიმშვიდე ჩადგა ჩვენს ქვეყანაში
და აღარ ტირის შენი ანუში.

ჩვენ აქ მოვედით ძმობის სიმტკიცით,
ვთქვათ, რომ პოეტებს ერთი გვაქვს ღერო.
მხოლოდ პირველად შენგან მოგვესმა,
რაზეც ჩვენ აწი უნდა ვიმღეროთ.

და ლორის თაფლზე უფრო ტკბილია,
ტკბილო ოვანეს, შენი სახელი.
დაევსოს იმას ორივე თვალი,
ვინც არ იწამოს თვალის გამხელი.


შენ გერგებოდა, დაგშვენდებოდა,
რომ ყოფილიყავ ამ დროშის ტარი,
და ხელმეორედ ჩვენთვის გაცოცხლდი,
თუმცა არ იყავ არასდროს მკვდარი.


5. სალამური რომ სალამურია

გრიგოლ ორბელიანი
ასე იწყებს თავის ”სადღეგრძელოს”
ანუ
- ომის შემდგომ ღამე ლხინს
ერევნის სიახლოვეს...

- ”შეწყდა ბინდისას ომი საზარი.
დადუმდა არე, სად ჰქუხდა ბრძოლა.
გამარჯვებული მოილხენს ჯარი,
ურდო ცეცხლებით განათებულა“...

- დაინგრა მაშინ ერევნის ციხე
და გაიპარა მისი სარდარი.
მაგრამ დიდი ხნით აღარ ჩამქრალა
აქ დანთებული ომის ღადარი.

ამ ხეობაში აქამდე ჰყრია
დაუმარხავი ლტოლვილთა ლეში.
წვიმა აწვიმებს და თავზე ათოვს
უდაბნო ქართა სილა და ხრეში.

და თუ არაქსი ასე ხმაურობს,
ობლების ცრემლიც მიმატებია,
მამა წყევლიდა იმ გაჩენის დღეს,
როცა შვილები დაბადებია.

ბარად ურჯულო მტერი მუსრავდა,
ხელს უთავებდა მთაში ზამთარი
და მშიერ ლანდებს უკან დასდევდა
გათამამებულ აფთართა ჯარი.

მიწის ჯურღმულში გათხრილი სორო,
უფრო გარეულ მხეცის ბუნაგი,
აქ კაცს მიაჩნდა თავის კერიად,
მაგრამ დაადგა თავზე მსუნაგი.

გახედავ სოფელს - ცეცხლი ედება,
ააწიოკეს ყველა ერთბაშად,
ცეცხლის გმირია ყარა-ბექირი,
ამ ხელობისთვის უწოდეს ფაშა.

განა თუ მარტო ოსმალო წვავდა
ყველა მეზობლებს, შიგნით და გარეთ
არ დაუკლიათ ხოცვა და ჟლეტა,
ასე უთხრიდა ძმა ძმას სამარეს.

და კაცს ეგონა ეს სისხლის წარღვნა
მაღლიდან იყო გადმოვლენილი,
მაგრამ სხვა კაცი მაშინ გამოჩნდა,
და ეს სხვა კაცი იყო ლენინი.

დღეს აღარ ერჩის სომეხი ქურთსა,
სომეხს ქართველი, ყველას - თათარი.
ეროვნულ შუღლის ძირი რომ ახსნას,
აქ პიონერიც უკვე მზად არი.

და უკრავს მშვიდად მწყემსი სალამურს,
პიონერების ისმის დაფდაფი
და ისტორიის სიზმრად გადადის
ერევნის ხანი, ერეკლე-თაფა.

ვართ მოკავშირე იმ თაობისა,
რომელსაც მარტო სწამს კლასთა ომი.
ბევრს ჩაეშალა შავ-ბნელი ზრახვა
და წაუხდინეთ ბევრსაც ნახტომი.

ეს ის ადგილია, სადაც გრიგოლ ორბელიანი
წერდა თავის “სადღეგრძელოს“
ანუ
- ომის შემდგომ ღამე ლხინს
ერევნის სიახლოვეს.

ჩვენც ერევანის ვართ სიახლოვეს,
და ვზივართ ერთად სარდარის ბაღში.
ახალი ისმის აქ სადღეგრძელო,
უფრო ახალი ვაშა და ტაში.

ჩვენ, კავკასიის ხალხთა პოეტებს,
ერთი გზა გვაქვს და ერთი მანძილი.
სოციალიზმის აშენდეს ფუძე
და ხალხს ეღირსოს მშვიდობის ძილი.

ვინც თვალით ნახა ქვეყნის დაქცევა
და ავსებული ხევები მძორით,
ნახა, რომ იქცა ველურ უდაბნოდ,
ველი მორწყული ოფლით და შრომით,

ნახა ამ ექვსას ვერსზე გაჭრილი
ეს სასაფლაო და ეს უდაბნო,
განა არ გვმართებს, ამხანაგებო,
რომ სხვა თაობას ჩვენ ეს ვუამბოთ?!

და არ იქნება ეს სადღეგრძელო,
ეს ცრემლი არის და ჟრუანტელი.
სხვა რომელ ქვეყნის მგოსანს ექნება
მიზანი, აზრი უფრო ნათელი.

სალამური რომ სალამურია,
ხალხი იმითაც ცრემლებს იხოცავს.
ამხანაგებო, ვთქვათ ის სიმღერა,
რაც ხალხს იმედის სხივებით მოსავს.


6. აღზევანს წასვლა

არც ასე შორსაა ეს აღზევანი,
თუმცა პირველად დღესა ვარ აქა.
სჯობს გამოტეხა... არ გვაქვს ქართველებს
უცხო ქვეყნების მოვლის ბარაქა.


მაგრამ მომესმის ქართველ მეურმის
მე სევდიანი მტრედის ღუღუნი:
თითქო ამ ხმების მადანი იყოს
ეს თვალუწვდენი კლდეთა ჯურღმული.

„აღზევანს წავალ მარილზე,
მარილს მოვიტან ბროლსაო,
ჯერ დედას გადავეხვევი
მერე შვილსა და ცოლსაო“.

ასე მგონია, ცა გაიპო და
გულზე მომედო ათასი შვილდი,
ასე მგონია, ერთად ამღერდა
ათასი ვანო სარაჯიშვილი.

ლამაზი ცოლი, მარილი - ბროლი
და სიხარულის ცრემლის კურცხალი,
გულზე მიუშვეს ყველა ღარებით
ადიდებული ბერდუჯის წყალი.

დგანან თუჯების მოურავები
აყუდებული ბაბილონამდე,
ათას სალამურს ხმა შეუწყვია
ალიონიდან ალიონამდე.

ასე მგონია კამეჩის უღლით
მეც პოეზიის მივალ აღზევანს,
და რა იქნება ისეთი ტვირთი,
ვერ გაუბედოს წელმა აწევა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი