სოღანლუღიდან


ისედაც მშვიდი უფრო დაცხრა ამაღამ მტკვარი,
მხოლოდ მეტეხთან უფრო არი მაინც მშფოთვარე;
ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი,
ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.

სოღანლუღიდან თათრის ბიჭი მოდენის ვირებს
და მემწვანილე ერეკება ცარიელ დროგებს,
რომელი ერთი ან დამძრახავს, ან გაიკვირვებს,
რომ უკან მივსდევ ჩემ დიდებულ თანამედროვეს.

მე რა მაქვს ახლა, რა მექნება, ან რა მებადა,
ვარ უზრუნველი და ტიტველი მთა შავნაბადა,
და თუ მაწუხებს, მხოლოდ ფიქრი გულის დამწველი,
რომ აქვე არის მარაბდა და კრწანისის ველი.
რომ ყველა ლეკმა და ურჯულომ გული იყარა,
რომ კუბოსავით დაცხრილული დგას ნარიყალა.

ისედაც მშვიდი სულ დამცხრალა ამაღამ მტკვარი,
მხოლოდ მეტეხთან მაინც არი უფრო მშფოთვარე;
ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი,
ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი