ქალდეას ბალაგანი


ჩემი სამშობლო, საქართველო, სხვა თეატრია,
ბევრი მინახავს ხეტიალში მე თეატრები.
გახუნებული მისი სული ბევრმა ათრია,
მაგრამ ელვარე მზე სხივებით არ ეხათრება.

ვხედავ, მოდიან ზღვა ლანდებით ბრძენი მაგები,
მიმი, ჟონგლერი და დროგები აქტიორებით.
არ მეშინია ძვირფას ძმებთან სულის წაგება
და ძველ პიესას მე ვთამაშობ განმეორებით.

იყო თამარი და ძვირფასი მისი სამება,
ამაზე იტყვის საქართველო მატიანებით.
მხოლოდ შენ ტანჯვას, კოლომბინა, და შენ წამებას
პიეროს მეტი ვერ იტირებს სხვა დანანებით.

ვერ ნახავ რაინდს ჩემზე უფრო, რომ უერთგულოს
შენ წამებულ სულს, კოლომბინა, შენ ტუბერკულოზს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი