ქართლის ცხოვრება


შესავალი

ას წელიწადში ერთხელ რომ უცებ
ცა გაიღება და იცის ყველამ,
მემატიანე არ ვგავარ ხუცესს,
მაგრამ მეც დამწვა ამ ცისარტყელამ.

ანდა რა არის მართლა პოეტი,
თუ ცის გაღებას თვალს ვერ შეასწრებს,
ვსარგებლობ ზღვაზე განმარტოებით,
მივყვები გემის აფრენილ აფრებს.

გემი ”ილიჩი“ დადგა სოჭაში,
რითი არ არის ახალი არგო.
მოგონებების ვიხრჩობი ჭაში,
მინდა ამ გრძნობას ლექსი მოვარგო.

როგორც ბავშვისთვის დედის ალერსი,
ისე ტკბილია ევქსინის პონტი.
ნაღველმა გული რომ გადალესა,
ჩემო სამშობლოვ, შენ მომაგონდი.

ვუახლოვდები შენს ჩრდილო საზღვრებს:
ლომკაცს, კახაბერს, მომაქვს ლექსები,
და თუ რკინისას ვერ გარჭობ პალოს,
შენი მიწის ხომ ვწოვე ფესვები.

და გადავწყვიტე ასე უეცრად
დავწერო შენი სისხლის პოემა,
თავს არ დავზოგავ - მექეც მეწყერად,
ჩაგატან, რაც გულს მოეპოვება...

ტიროდა ამ ზღვით ოვიდი ნაზონ,
უფრო კი რომსა და საკუთარ თავს,
რაც უნდა ენა გადამირაზონ,
მე ვიტყვი ჩვენი გზების დაბურღვას.


გვიცვლიან ჩვენ გზებს... ოფლში გაწურულს
რომ შეუცვლიან სიცხის სასთუმალს,
მაგრამ ვერ ვხედავ ჯერ ვერც ერთ უფსკრულს
და ვერც ერთ მწვერვალს, ჩვენგან გარდუვალს.

გამწევი არის ეს აგონია,
აღარ თავდება ცეცხლის საკირე
და ამაღამაც ასე მგონია,
რომ მოადგება ქრისტე ნაპირებს.

და როგორც ამ გემს გავარდა ღუზა,
ცას გაეხსნება სიმძიმით კარი
და თეთრი, როგორც იალბუზია,
დამესიზმრება ერის სიზმარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი