0 1787

წინათ თუ ერთი იყო მთრეხელი


თავისუფალი იყო და არი
წინათ და ახლა თვითონ მყინვარი,
თავისუფალი იყო და არი,
თერგი, არაგვი და დარიალი.

თავისუფლება არ აკლდა ღრუბლებს,
თავისუფლება არ აკლდა არწივს.
სხვისი ბრძანებით ამ უღრან მთებში
არც მეხი ურტყამს, არც თოვს და არც წვიმს.

თავისუფლება მხოლოდ ხალხს აკლდა -
ედო მონობის მძიმე უღელი,
თავისუფლება რომ აქ დასახლდა
ჩვენი თაობა ამას უმღერის.

რომ ერისთავი ერისთავობით
და სიამაყით მყინვარს წვდებოდა
და თან შიოლა ღუდუშაური
ერისთავობას ედავებოდა.

- „შიოლა ღუდუშაურო,
სკამს იჯექ ერისთვისასა,
აქამდე ჭამე აჩხოტი,
ახლა მე გაჭმევ ქვიშასა“.

იკმარა ხალხმა წამება ტყვილად
და გამოიღო საომრად ხელი.
ხომ ათასია ახლა გულადი,
წინათ რომ ერთი იყო მთრეხელი.

დარიალიდან ღართისკარამდე
და ან სანამდეც თვალი მიუწევს,
სოფლიდან სოფლად, აულით აულს,
ახალ ცხოვრებას ეყრება ფუძე.

თავისუფლება წინათ და ახლა
არ აკლდა მყინვარს, თერგს და დარიალს.
თავისუფლება დღეს ხალხს ეახლა
და ყველა აულს სხივით დაიარს.

ყველა არაგვის და ქსნის ერისთავს,
ყველა ნუგზარს და ღუდუშაურებს,
სისხლის წვიმების ცოდვა რომ ტვირთავს,
მიწას აჭმევს და ქვიშას შეურევს.
კომენტარები (0)