0 729

შინ დაბრუნება


ჩემს შვილს ტატოს

ახლაღა მივხვდი, რომ ყოველი ჩვენგანი არის
ძე შეცთომილი (ან თუ გნებავთ, უძღები შვილი),
რომელმაც ერთხელ მიატოვა თავისი ს ა ხ ლ ი
(ეს სულ ერთია, რას დავარქმევთ იმ სახლს «არყოფნას»,
თუ «მარადიულ და ჭეშმარიტ ყოფიერებას»)
და მას მოუნდა თვალსაწიერს მიღმა გაღწევა.
სინამდვილეში გ ზ ა ძალიან მოკლე გამოდგა,
თანაც უმიზნო, ვინაიდან რაც მას წინ და შორს
ეგულებოდა, იგი აღმოჩნდა სწორედ უკან
და ძლიერ ახლო. უცებ იქცა წინსვლა _ უკუსვლად,
ანუ შორეთში გამგზავრება _ შინდაბრუნებად _
ისევ ს ი კ ვ დ ი ლ შ ი, მარადიულ აქარყოფნაში.

მივხვდეთ ცხოვრების ნებიერნი, საით მივდივართ.
ნუთუ არასდროს შეგვპარვია ჭია ეჭვისა,
თუ რა სიღრმეებს იტევს სიტყვა, შრეებს და ქანებს?!
ავიღოთ თუნდაც წ ი ნ ა პ ა რ ი , რას ნიშნავს იგი?
შენ თუკი უკან მოიტოვე, წ ი ნ რატომღაა?
ან სიტყვა უ წ ი ნ _ უ ფ რ ო წ ი ნ ა ს რატომ გულისხმობს?
ანდა წინანდელს უ კ ა ნ ა ნ დ ე ლ ს რატომ არ ვარქმევთ?!
აი, ხომ ხედავ, წინა-უკმოს ვეღარცკი ვარჩევთ
და ასე ვცხოვრობთ დროისა და სივრცის გარეშე.

ეს შორს წაგვიყვანს. გამახსენეთ, რაზე შევჩერდი?
ჰო, რომ ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ
პირველსაწყისში. ნოსტალგია ქვეცნობიერი.
ზოგში ეს უფრო ძლიერ არის გამოხატული,
ვეღარ ეტევა ერთ ადგილას, თავს ვერ იოკებს
და გარბის სადღაც. ხალხს ჰგონია რომ ამოძრავებს
მას ცისარტყელის ქვეშ გაძრომის უაზრო ჟინი.
სინამდვილეში მის სისხლს სხვა რამ აფორიაქებს _
უფრო წინარემშობლიური სივრცის ყივილი!

აი, ეს არის «ოდისეა» ჩვენი ცხოვრების,
რომელიც თურმე ბევრად უფრო მოკლე აღმოჩნდა,
ვიდრე ჰომეროსს ეთქმევინა. და კინო-ფირი,
რომელსაც თურმე «ნოსტალგია არარსებულზე»
უნდა რქმეოდა, შესაძლოა, რომ უცებ გაწყდეს
მანამდე, სანამ «დ ა ს ა ს რ უ ლ ი» დაეწერება.


თუკი ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ
პირველსაწყისში, ამას სიკვდილს რატომღა ვარქმევთ?!
რატომღა ისმის უსასრულო მოთქმა-გოდება,
პირისხოკვა და თავშიცემა, გლოვა-ტირილი,
საფლავის ლოდქვეშ ჩაძახილი, სადაც არ არის
ის, ვისაც ვტირით, იქ ხომ მხოლოდ სხეული გდია,
იმისი სულის სამოსელი, გამონაცვალი.
თავად სული კი დაუბრუნდა მშობლიურ სივრცეს.

შეწყდეს ტირილი! დაიწუროს ცრემლის მტევნები!
გულის ნაჟური კეთილშობილ ღვინოდ დაღვინდეს!
გადალიცლიცდეს მოთმინების ყველა ფიალა!
შევსვამ სიკვდილის საკართანოს და ვალმოხდილი
მ ო ვ დ ი ვ ა რ, შ ვ ი ლ ო!
კომენტარები (0)