გასეირნება ტაშისკარში

ჩვენ არ გვხლებია ზანგი პატარა
და არ გვჭერია ფინია ხელში,
ტყემ ბილიკები შემოგვატარა
და ყველგან იყო ალვის ხე ელჩი.

რა ლამაზია ტყეში საყდარი,
და საფლავები ხავსით მოცული,
ნაძვი-სიჩუმის ბაირახტარი,
და გრილი წყარო მთით ჩამოსული.

რა ლამაზია ურმის გზა ტყეში,
ფეხქვეშ ფოთლების რბილი ფენები,
მე არ მინახავს, ვფიცავ, ჩემს დღეში
ასეთი არე დასასვენები.

წაბლის ხეები, როგორც კარავი,
შემოგვესალმნენ დინჯი შრიალით.
აქ არის ჩვენი თავსაფარავი,
კმარა ამაო, ცრუ ხეტიალი.

წყარო: litklubi.ge