დელფინი და მედუზა


მზეს დაობლებულს, სხივდანაწურავს
კვლავ ჩასვენების დაუდგა რიგი.
მწვანე მედუსა ზღვაში დასცურავს
და თითქო ვინმეს დაეძებს იგი.
იგი დაეძებს ჰამლეტის სასძლოს -
გემების სათუთ მფარველ მადონას,
უსირინოზოთ მან ვეღარ გასძლოს,
სხვა თავის გულში ვერ აბატონოს.
მისი მეტოქე – დელფინი შავი
მას, მოციმციმეს დაუწყებს ბრძოლას,
ვისთვის იქნება ეს წუთი ავი,
ვინ გაიმარჯვებს, სპეტაკი, ბოლოს?
ტალღის აღმართზე ჩნდება არსება -
ნახევრათ ზევსი, ნახევრათ ქალი.
მიმზიდველ მთვარეს ზღვა ეთარსება,
უცხო დუმილის იშლება რკალი.
ვით ავი სკრიპკა და ყრუ მიზრაფი,
მტრები ერთმანეთს ჩუმად ხვდებიან
და ორივენი ელვის სისწრაფით,
როგორც აჩრდილნი იღუპებიან.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი