ვაჟა-ფშაველა  - ფოტო

ვაჟა-ფშაველა

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი

ბაკური

-გვიამბე, ელიზბარაო,
რა ამბავ მოხდა ეღოსა?
როგორ დაეცნენ ლეკები
ბაკურის ციხე-ეზოსა?
-არ მინდა, ძველი დარდები
რომ გულში აიწეწოსა.
მე რა ვთქვა? უნდა კაცობა
ბაკურმა დაიკვეხოსა…
ჩემფერეების სიცოცხლე
სამარემ დაილეკოსა.
-რად იტყვი, კაცო, მაგასა
თავს რადა სწიხლავ ფეხითა?
-სიმართლით მარტო ეს მეთქმის.
მაშ ტყუილი ვთქვა კვეხითა?
ვერ შავძელ იმის მხრის ჭერა,
ვერ მოვკვდი, - სული მეტკბილა…
ბაკურის ომი და ქცევა
ნეტავი თვალით გეხილა!
გული მკლავს, ცოცხლად რისთვისა
მტერს ჩაუვარდი ხელშია,
ამისგან ეხლა ფიქრები
შხამად ამომდის ყელშია.
თავის აღება არ მწადის,
ვეღარც გავშლილვარ წელშია.
-ხომ არ გაექე, რა ვუყოთ,
არ დაგაცალეს სიკვდილი…
ის რისთვის გესირცხვილება,
რაიც არ არის სირცხვილი?
ჩვენც ვიცით, აგრევ გავიგეთ
ამბავი კილოკავადა;
ერთმაც არ დაგგმო, ღვთის მადლმა,
არ მოგიხსენა ავადა.
გენუკავთ, ომის ამბავი
ეხლა გვიამბო თავადა.
-დიდი მოვიდა მტრის ჯარი,
გარს შემოგვერტყა ღობედა,
შვიდ დღეს ვიგერეთ თოფებით,
მრავალი კიდევ ვხოცეთა;
დიაცნი წამალს გვიწყავდენ,
ქების ღირსნია სწორედა!..
მერვე დღეს ტყვია-წამალი
გასწყდა, გათავდა სრულადა
და ჩვენი შრომაც მაშინვე
ჩავთვალეთ დაკარგულადა.
უძილო, მშიერ-მწყურვალნი,
მტერს, რომ ჩვენ მაშინ ვიყვენით!
ბედმა გვიმუხთლა ტიალმა,
გავცუდდით, გავირიყენით,
მოდგა და მოდგა მტრის ჯარი,
ციხის მოერტყა ლიბოსა;
რჩებოდა ჩვენი ქავ-ციხე
გულხადარას და დიდოსა.
“უნდა ცოლ-შვილით მტერს დავრჩეთ,
სირცხვილი კისრით ვზიდოთა!
მას მემრე ტანზე აბჯარი
როგორღა დავიკიდოთა?!”
ცეცხლად გადიქცა ბაკური,
მარტო ოხვრად და კვნესადა…
გული ჰქცევია ტალადა,
თვალები უჩანს კვესადა.
“ვაჰ დედას მტრისას!” - ესა სთქვა,
ხელი გაივლო ხმალზედა:
“ისევ მე დაგხოცთ!” - და ცოლ-შვილს
თავები დასჭრა წამზედა.
მტერს მიეგება ციხის კარს,
მეც იმას მივყევ კვალზედა.
გაუხტა ხმალმოღერებით,
ფრანგულმა გაიცინაო;
თორმეტი მოჰკლა ციხის კარს,
ერთურთზე დააწვინაო.
ვეფხვსა დააცვდა კლანჭები,
ბაკურმაც დაიძინაო.