სიცოცხლემ შხამი მასმია


სიცოცხლემ შხამი მასმია,
მე კახურ ღვინოდ შავირგე:
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.
ვწევარ და მძინავ ტკბილადა, _
აი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი,
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი