ვაჟა-ფშაველა  - ფოტო

ვაჟა-ფშაველა

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი

არწივის დარდი

დასდევნებიყო მდევრადა
წეროთა გადმამავალთა
მარტოდ-მარტოკა არწივი,
გამწკრივებულთა, მრავლითა.
სწყენოდა მათი ნავარდი,
გზას უკეტავდა სავალთა.
საით სად მოთრეულები
ზეიმითა და ზარითა
სთელავდნენ მის სამფლობელოს,
მთებს, მოყოლებით ბარითა,
და არც კი ჰკითხეს პატრონსა
სიტყვითა შესაწყნარითა.
„უყურე ჯილაგ-გასაწყვეტთ!“ –
შფოთავს ბურვილი ალითა -
„მე არაფერსა მკითხავენ,
არიან თავის ძალითა.
მე მითომ აღარც კი ვიყო,
და ჩემის მიწა-წყალითა
ჰსურთ იქეიფონ და მე კი
მაცქერინებდნენ თვალითა?!
მოკვდი, არწივო, მაშინა
გათავდი თავის ბრჯღალითა“!
ამას ამბობდა, თან მკერდი
მისდ-მოსდიოდა განზედა,
ამონადუღი გულისა
სეტყვად სცვიოდა თავზედა,
არწივის რჩოლა და ქროლვა
მეხად ტყვრებოდა ცაზედა.
შურისძიების შედეგსა:
დაბლა მიწაზე ვხვდებოდი
თავ-პირ-დაჩეხილ წეროთა;
ზოგი გზა-გზისპირს ეყრება,
ზოგიც გართხმულა მდელოთა,
თავად ცაშია თამაშობს,
მიმოუქროდა სფეროთა.
კოტრიალობდა ცის მკერდზე,
ყაშყაშებს... დიაღ მღეროდა.
საამო თუა, მტრის ცემით
რომ გული მოვიჯეროთა?!

წყარო: litklubi.ge