ცრემლი შემთბარა თქორია ..

ცრემლი შემთბარა თქორია
და თქორი – დრილი თილისმა;
სიზმრიდან აიყოლია
მომხიბვლელობამ დილისმა.

გადამდებია ფარულად,
როგორც უთქმელი სახადი:
ჯერ გულით ესიყვარულა –
ვიდრე რო თვალით ნახავდა.

თანდათანობით ანაზებს
დილას მესკიის მოტივი;
და ტოტის ჩრდილი ბალახზე
დევს მუსიკალური ნოტივით.

გადაითარგმნა გზადაგზა
როცა ნიავის ფრთოსნებად,
აპრილის ქარი – გადაცდა
მიჯნას მოკვდავის ოცნებაც:

თვალჩაყუდებულს წარსულში,
გულაჩუყებულს აწმყოში
რამდენიც უნდა – არ უშლი –
წამოწოლილმა დაყოს შინ.

ამდაგვარ მოცალეობას
აღმატებული ფასი აქვს:
ხელს უწყობს იგი მხნეობას
და ცრემლით ამკობს ხასიათს.

ცრემლი შემთბარი თქორია
და თქორი – გრილი თილისმა;
სიზმრიდან აიყოლია
მომხიბვლელობამ დილისმა.

წყარო: litklubi.ge