ამღვრეული ლექსი

სულს ბორკილები ავყარე,
ცამ თქვენთან ჩამომიტაცა
და გაგრძნობინებთ ახლავე, -
რა ძალუძს „ძალსა თქმისასა!..“

ყველამ იცოდეთ, - ეს მინდა, -
რომ ლექსის უკან ღმერთი დგას!..
ცხონდება კაცი ლექსითაც,
არა პურითა ერთითა!..

მე ვარ დაჭრილი არწივი! -
ლექსებით ვიფრენ სიკვდილშიც!..
ვარ სისხლისაგან დაცლილი
და ჩემს სტრიქონებს სისხლი სდის!..

სისხლი სდის - გაბრწყინებული
მარადიული სიცოცხლით!..
ვერხვევი ატირებული
და ჩემს სხივიან სისხლს ვკოცნი!..

მე მომღერალი ახლა ვარ!..
ჩანგი მომეცით ახლავე!..
ხარირემი რომ აბღავლდა,
უსიმღერობა აბღავლებს!..

მე მომღერალი ახლა ვარ
და ავმრერდები ახლავე!..
სიტყვებს მივეცი სახნავად
გული და ლექსი დახნავენ!..

მე ახლა მინდა სიმღერა! -
დღეს ნუ შემიცვლით ღამეთი!..
თუ სული ჩემი იღლება, -
გულში მახვილი ჩამეცით!..

მე ამ წუთში ვარ პოეტი!..
სიკვდილს ვამარცხებ ამ წუთში!
მე სიყვარულად მოვედი -
ვბინადრობ იმ ერთ ასულში!..

მე ახლა მინდა, გამიყოს
თავისი ლუკმა ხევსურმა!..
ახლა სიკვდილმაც რა მიყოს -
მე ლექსით სულმნათს - ბნელსულმა?!

მე სიცოცხლე ვარ ამ წუთში
სიკვდილის ციებ-ცხელება!..
თუ ჩემს ლექსს ახლა გადურჩით, -
მერე არ გემეწყერებათ!

მე ახლა ვგავარ ციხელის
სისხლს - მამულამდე მიჟონილს!..
ლექსს ახლა უნდა მკითხველი, -
მერე ისედაც იშოვის!..

მამულო, შენ თუ გჭირდები, -
თვით ღმერთსაც შევეჭიდები!..

მარტო შენ შემიმსუბუქებ
საფლავში ჩასვლის სიმძიმეს!..
იქაც გილოცებ!.. გიფიქრებ!..
გისიზმრებ! - ისე ვიძინებ!..

სიკვდილშიც შენით გავივლი
ჩემი სამარის ვიწრო გზებს!..
შენ მოკვდები და - მოვკვდები!..
შენ იცოცხლებ და - ვიცოცხლებ!..

გულზე ინფაქტის ბზარებად
მაჩნია ლექსის პწკარები!..
ვიცი: ვერც გარდაცვალება
ვერ შემიჩერებს წამებას!..

შენ, ჩემი დარდის წისქვილო,
შენზე ფიქრს ვეღარ ვიცილებ!..
გულს ახლა უნდა გიწყვილოს, -
მერე ისედაც გიწყვილებს!..

ახლა ვარ ლორთქო ბალახი
და ახლა ვუგებ ბალახებს!..
მეხო ძლიერო, დალახვრით, -
ხე ვარ და, - მოდი, დამლახვრე!..

მე დიდი ლექსი არა ვარ! -
დამიწეპირეთ ახლავე!..
ამ წუთშ დიდი დაღლა ვარ,
თორემ რა ვიცი დაღლა მე?!

ახლა მაქვს ღმერთთან ომის დრო!
მარადისობავ, ვარ შენი!..
თუნდაც სიკვდილმა მომისწროს, -
გამარჯვებული დავრჩები!..

მე კაცად ვეღარ გავძელი! -
ლექსი ვიქეცი კალმახად! -
ჩქარა! - ჩამიდგით ფაცერი, -
თორემ წავალ და... რა მნახავს?!

მე წვიმის თქეში ახლა ვარ!!..
კვალი ვარ - წვიმის სასისხლე!..
დროზე შემიტკბოს ნახნავმა,
თორემ ვიქცევი კვლავ სიცხედ!..

მისმა თვალებმა დამღალეს,
ვინც სიკვდილამდე მიმზერდა!..
მე მინდა, მოვკვდე ახლავე! -
მერე მოვკვდები ისედაც!..

წყარო: litklubi.ge