არ დაგავიწყდეს

ზღვაო, როდესაც პირველად გნახე,
მოურიდებლად შემოხვედ ჩემში,
შემაჟრიალე და მიკარნახე
შენს ამბოხ სულში შბილი ლექსი.
შენ მკარნახობდი მძლავრი ქუხილით
ღელვადქმნილ სიტვებს, სტრიქონებს, სტროფებს,
აზრებს მარადისს, ბგერებს უხილავს,
უმეორებელს, უვრცესს, უმტრობელს.
ილეწებოდნენ გემთა ანძები,
გადმოგვცქეროდა ცა გაოცებით,
შენ მკარნახობდი მთელი არსებით
და მპირდებოდი, რომ მე მომცემდი,
რომ მე, ერთადერთს, უკვდავ უფლებას -
ვყოფილიყავი მისი ავტორი...
მებრუნა მიწად, მევლო ღრუბლებად,
მესუნთქა ცეცხლით, ღელვით, ქარ-თოვლით.
მოწყურებულად მეცოცხლა შენში
და ვარსკვლავების ციურ ციმციმში,
ხაალხში, ბალახში, მწვერვალში, მზეში.
დაუწყნარებელ სულში მიწისძვრის.
მე ახლაც ყურში ჩამესმის მისი
მუსიკალობა მიუწვდომელი:
ქუხილი ზეცის, წუხილი მიწის,
შეუცნობელი არის რომელიც, -
იმ ლექსში იყო ყველა ახსნილი,
იმ ლექსით იყო ნათელი ყველა.
შენ მკარნახობდი, ზღვაო, კაცივით
და იმატებდი სიღრმეს და ღელვას.
გაოცებული გისმენდი მაშინ,
ვიჩხვლიტებოდი ათასი ნემსით,
თვალაუხელი ვიყავი ბაშვი
და არ ვიცოდი, რა იყო ლექსი.
შენ დამამშვიდე, თვითონც დამშვიდდი,
უკუაქციე მღვრიე ტალღები
და კარგად მახსოვს, ზღვაო, დამპირდი,
რომ ლექსს კიდევ მიკარნახებდი.
მიკარნახებდი, როდესაც ლექსად
ამენთებოდა სული და სისხლი,
როცა შეძრავა არსებას ჩემსას
სიპატარავე სამშობლო მიწის.
დღეს მე მზადა ვარ, მისთვის დავიწყე,
შენებრ დავწყვიტო ყველა არტახი,
არ დაგავიწყდეს, არ დაგავიწყდეს,
იმ ღვთაებრივი ლექსის კარნახი!

წყარო: litklubi.ge