კაცი _ ბუზი


ზღაპრის სკივრებში რიყის ქვები ალმასებს ჰგავდა.
და ამ ალმასებს გულმოდგინედ რანდავდა რანდა...
მაგრამ ყოველი ქვა გამოდგა ცრუ,
ყოველი ქვის გულში აღმოჩნდა ღრუ.
და ეს ღრუ ყველაფერს ნთქავდა და ჭამდა.

ზღვის ყრუ ხმაურში დიდი ნიჟარები აპობდნენ
ბაგეს,
აჩენდნენ მარგალიტს — კბილებს, ტუჩებს...
გიძღვნიდნენ აღთქმებს.
მაგრამ ეს აღთქმები გამოდგა ცრუ.
ყოველი აღთქმის გულში აღმოჩნდა ღრუ.
და ეს ღრუ ყველაფერს არღვევს და ანგრევს.

ჯადოსნურ სიზმრებში ხეტიალი გივლენდა ხიფათს,
და გული ცდილობდა არ გადაეხვია ნაჩვევი გზიდან...
მაგრამ ეს გული აღმოჩნდა ცრუ.
ამ გულის სიღრმეში აღმოჩნდა ღრუ.
და ეს ღრუ ყველაფერს ქირდავს და ფიტავს.

ასე გამოფიტულ, გამხმარ კედლებს ედება ხავსი,
კუთხეში აბლაბუდა აბამს და აბამს უაზრო კავშირს...
მაგრამ ეს კავშირი ხომ სადღაც ძევს,
რაღაც ხომ აკავშირებს მამას და ძეს.
მაშ, აჰყევ, ძმაო, ჭერისკენ ქსელს
და გასწი, გასწი!...

ცარიელ ოთახში ქაღალდის ყვავილებს ვიღაცა
ფურჩქნის,
ქაღალდის დილა დგას, ქაღალდის სარკმელში
იღვრება შუქი...
ის კი დაფარული ხავსით და მტვრით,
კიდურებდასახსრული, გაცვენილ ფრთით,
კუთხეში, ქსელში გახლართული
ძრწის — კაცი-ბუზი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი