ბებერი ძაღლი

სოფელს დაჰღმუის მზე უშობელი.
შენ წევხარ ჩუმად ლაფაროში -
თვალდახუჭული
და ცალი ყურით ქვესკნელებს უსმენ.
მამამ რამდენჯერ მოინდომა შენი გაგდება,
შენი დაკარგვა,
მე კი...
ვერ შეგელიე, ვერ გაგიმეტე.

ახლა კი ლეკვთა ღავღავ-წკმუტუნს
და მძუანობას,
მე შენი ღრენა მირჩევნია ბალანგაცლილი,
მე შენი ყეფა მირჩევნია ყრუ ხორხიანი.
ახალ ლეკვთათვის -
ძნელად ინდობა ეზო-კარი და სამყოფელი.
ვუწყი -
მათი ნერვები მშიშარაა და შემპარავი...
ხოლო ლიწკვინტა გასლეპილ კუდით,
სულ იფარავენ უკანალს და ბნელში გარბიან.
ხშირად კი ხშირად
უცხო ფეხებთან გორავენ მუდამ.
ხოლო ძუკნები -
გზადაგზა ყრიან წირპლიან ლეკვებს.
ასე მრავლდება მაწანწალა და სალახანა.

მამამ რამდენჯერ მოინდომა შენი გაგდება, -
შენი დაკარგვა...
მე კი...
ვერ გაგიმეტე ბებერო ძაღლო, ვერ გაგიმეტე.