ბიოგრაფიის პატარა ნაწილი

ბიოგრაფიის პატარა ნაწილი
მე ვცოცხლობ როგორც რიგითი ყველა,
მაგრამ არ ვდაობ, მე, ერთადერთი
და გამოგვალულ თავებზე ნელა,
ეშვება ჩემი სინდისის კვერთხი.
მე ვხედავ როგორც რიგითი ყველა,
მაგრამ მე ვწყრები, მე, ერთადერთი,
როცა მიზანი გაურბის რწმენას
და გამოგონილ სიმშვიდეს ელტვის.
ხელიდან ხელში გადადის ფუთა,
თვალიდან თვალში გადადის ზიზღი,
ბრიყვებს ტახტი და მდიდრობა უნდათ,
ბრძენი კითხულობს ”რატომ და რისთვის”
მხოლოდ აქა-იქ ჩოჩქოლი ცოტა,
ისევ დიადი სიმშვიდე ირგვლივ,
ყველა საკუთარ ჩრდილებში სცოდავს
და კანონიერს იხურავს გვირგვინს.
ქვეყანას მზის და ქვეყანას ღელვის,
ქვეყანას ხმლის და ლეჩაქის სინდისს,
ოფლში და ცრემლში იპარავს ბევრი
და ტელეფონის მილებში ყიდის.
მაგრა ჩემს რწმენას ვერ ატიალებს,
დიდი საწუთროს პატარა ხინჯი,
სასწაულების შიგნით ვტრიალებ,
ხალელი გლეხის გაზრდილი ბიჭი.
სასწაულების ალით ვენთები
მშვენიერების სამრეკლოს მაღალს,
ქურდბატონები, ტლანქი დენდები
ქვეყნის ასპარეზს ტოვებენ ახლა
ქართული ზეცა, მისი მზის სული,
“არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს”,
როგორც მემკვიდრე და მეფისწული
ცხოვრების ტახტზე ჩემი დრო ამყავს.
მომდგარა ჟამი ფერიცვალობის
იმედებს დიდი სინათლე აწვიმს
და ყველას ვუვსებ მგოსნის წყალობით,
ბიოგრაფიის პატარა ნაწილს.
ვერა, ჩემს რწმენას ვერ ატიალებს
დიდი საწუთროს პატარა ხინჯი,
სასწაულების შიგნით ვტრიალებ
ხალელი გლეხის გაზრდილი ბიჭი.